თამაზ თამაზაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და მას თუ რამე დაემართება, მთელი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, - ამის შესახებ გლდანის ციხესთან ჟურნალისტებს თამაზ თამაზაშვილის სიძემ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ინფორმაცია, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, არის სიბინძურე და მკრეხელობა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. "ის კრიმინალი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხდება, უნდათ, რომ დააბრალონ ჩემს სიმამრს, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის მძევალი. მას ჩაუდეს ავტომატი და პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. დღეს კი მას აბრალებენ იმ საშინელებას, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დიდი ხანია ხდება. ჩემი სიმამრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და პირადად სააკაშვილს დაეკისრება პასუხისმგებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.