საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს გლდანის დაწესებულებაში მომხდარ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით ეფექტური ღინისძიებების გატარების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, "სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის # 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ".
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირება წინ გადადგმული ნაბიჯია და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოუწოდებს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის # 8 დაწესებულებაში მუშაობდა და დღესაც მუშაობს.
"პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის წერილობითი დადასტურებისგან თავს იკავებენ, თუმცა დაწვრილებით ჰყვებიან მათ ან სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ყველაზე ხშირად სახელდებოდა ვინმე "ანგო", "ხონსკი" და ბექა მჟავანაძე. ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს ჰყვებოდნენ ქერა, ცისფერთვალება თანამშრომელზე, ვინმე ოლეგზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის #8 საპყრობილეში ვიზიტის დროს კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ, თუმცა მოგვიანებით სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა დელეგაციის წევრებს განუცხადა, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას არასათანადოდ ექცეოდნენ თანამშრომლები, განსაკუთრებით კი "კარცერსა" და საშხაპეებში, ასევე, დაწესებულებაში მიღების დროს. როგორც პატიმრები ამტკიცებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა ისეთ დარღვევებს მოჰყვებოდა, როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ერთმანეთში ხმამაღალი ლაპარაკი ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება.