20 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებით საგამოფენო დარბაზებში იმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და აიპ "კულტურის კვლევისა და კოორდინირების ცენტრის" მიერ ერთობლივად ორგანიზებული პროექტი - გერმანელ-ქართველი მხატვრის, ლადო ბეროზას პერსონალური გამოფენა-პროექტი BLACKOUT-ი. გამოფენასთან ერთად გამოიცემა კატალოგ-წიგნი, როგორც პროექტის ნაწილი. გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქ. თბილისის მერიის თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. გამოფენა იმართება გერმანია-საქართველოს ერთობლივი სამუზეუმო კონგრესის პარალელურ პროგრამაში.
ლადო ბეროზა (ვლადიმერ ბეროზაშილი) ქართველი ემიგრანტია. 2000 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. 2010 წელს დაამთავრა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტი და 2010-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის მაისტერშულერი. 2010 წელს მიიღო "DAAD"-ეს დასრულების სტიპენდია. 2010 წლიდან ლადო ბეროზა არის მხატვართა კავშირის "Milchhof e.V in Berlin" წევრი. ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.
"ლადო ბეროზაშვილის გამოფენა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თანამედროვე გერმანია-საქართველოს კულტურული დიალოგის ფარგლებში და საინტერესო პროექტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის იმ აუდიტორიისთვის, რომელსაც თანამედროვე ხელოვნების მრავალწახნაგოვნება აინტერესებს" , - აცხადებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
"გარემო, ეკოლოგია, ძველი და ახალი ფასეულობები, ადამიანი თანამედროვე დროში და ტრადიციები და მისი დამოკიდებულება თანამედროვე დროსა და სივრცესთან, თანამედროვეობასთან და ტრადიციებთან - საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილ- სკულპტურას, ინსტალაციას, მხატვრობასა და დიდ რელიეფებს სიღრმეში სწორედ ეს საკითხები უდევს. ლადო ბეროზას ხელოვნება საუკეთესო საშუალებაა დიალოგი გავმართოთ იმ ევროპულ ხელოვნებასთან, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს დასავლური არტისტული სივრცის ტენდენციებსა და ამოცანებს. აღნიშნული გამოფენა თავისი ფორმით, ესთეთიკითა და ფორმატით გამორჩეული პრეცენდენტია თბილისის საგამოფენო პროცესში", - აცხადებენ გამოფენის ორგანიზატორები.