"ქართული ოცნება" ამერიკელი კონგრესმენების მოსაზრებას იზიარებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თიანეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მთელი მსოფლიო საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს აკვირდება.
"კონგრესმენების განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმებით. ეს არ არის პირველი განცხადება საქართველოს შესხებ. იცით ადრინდელი განცხადებების შესახებაც, რომ ჩვენი არჩევნებისადმი ყურადღებაა მიპყრობილი. ყველა ელოდება, რომ ეს არჩევნები დაემსგავსოს რაღაც სამართლიანის მსგავსს და არ მოხდეს იმის მსგავსი, რაც ხდებოდა ადრეულ არჩევნებზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ყველანაირი მზაობა გაგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩატარდეს სამართლიანის მსგვასად, თუ მთლიანად სამართლიანი ვერ იქნება და ამის შემდეგ ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევძლოთ და ვაღიაროთ ეს არჩევნები. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს, რომ ეს არჩევნები ჩაითვალოს დემოკრატიულად, ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას, რომ არავითარი გაუგებრობა არ მოხდება. ჩვენ გაგვაჩნია აბსოლუტურად ერთნაირი ხედვა. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მათთან და თუ ისინი მოახერხებენ, რა თქმა უნდა, ჩვენც მოვახერხებთ და ყველანაირ შედეგს ვცნობთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა - ჯოან ემერსონმა, მაიკ თერნერიმ, მაიკ როსიმ და ბენ ჩენდლერმა - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადება The Hill -ის კონგრესმენების ბლოგზე გამოქვეყნდა.
როგორც კონგრესმენები აღნიშნავენ, ისინი მხარს უჭერენ საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.
.