საქართველოს პირველი ლედის, სანდრა ელისაბედ რულოვსის საქველმოქმედო ფონდ SOCO -ს ინიციატივით, 16-21 სექტემბერს საქართველოს ამერიკული ორგანიზაცია "Healing the Children-ის მისია სტუმრობს, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია უფასოდ მკურნალობს დაავადებულ ბავშვებს მთელს მსოფლიოში. ამ ორგანიზაციის საქველმოქმედო მისიის ვიზიტის შედეგად, უფასო კონსულტაციები და შემდგომი ქირურგიული ოპერაციები ტარდება თბილისსა და ბათუმში.
ფონდ SOCO -ს მიერ სხვადასხვა პათოლოგიის მქონე 21 წლამდე ასაკის 93 კანდიდატ-პაციენტი შეირჩა, რომლებიც წინასწარ წარმოებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად ფონდს თავად დაუკავშირდნენ.
კანდიდატ-პაციენტებმა სკრინინგი გაიარეს თბილისსა და ბათუმში, რის შედეგადაც საოპერაციოდ 50 პაციენტი გამოვლინდა. ოპერაციები ჩატარდება 3 ამერიკელი ქირურგის მიერ ყელ-ყურ-ცხვირის, სახისა და კისრის მიდამოს და უროლოგიურ პათოლოგიებზე, როგორიცაა სასისა და ტუჩის ნაპრალი, დამწვრობები, კისრის და ყელის ინფექციები, ტონზილები და ადენოიდები, ჰიპოსპადია, კისრისა და თავის სიმსივნეები, თიაქრები, სახის პარეზი.
.