23 სექტემბრიდან ატრაქციონების უსაფრთხოების ახალი წესები ამოქმედდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის №1-1/1796 ბრძანებულების მიხედვით, "ატრაქციონების უსაფრთხოების წესების" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 14 მაისის №1-1/753 ბრძანებასა და მითითებული ბრძანებით დამტკიცებულ წესებში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ატრაქციონების ექსპლუატაციაში გაშვებამდე ატრაქციონები ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედვლობის სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას ექვემდებარება.
მინისტრის ბრძანებულების თანახმად, სააგენტოში ან შესაბამის ორგანოებში საქარხნო პასპორტის არმქონე ატრაქციონის რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შედგენილი პასპორტის საფუძველზე. მისი შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს: ატრაქციონის ან მისი ცალკეული ელემენტების სიმტკიცისა და მდგრადობის გაანგარიშებაზე დამყარებული დასკვნა; ლითონკონსტრუქციის მასალის ქიმიური ანალიზის და მექანიკური თვისებების შესახებ დასკვნა; ლითონკონსტრუქციის მდგრადობის და შენადუღ შეერთებათა ხარისხის დამადასტურებელი აქტი".