„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჯაბა სამუშიამ სანზონაში მე-8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე დასახლებული დევნილები მოინახულა.
ჯაბა სამუშია ადგილზე გაეცნო დევნილების პრობლემებს და მათ „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ესაუბრა.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ნაძალადევის რაიონში უამრავი დევნილი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში და საყოფაცხოვრებოდ აუცილებელი ნივთები თითოეული დევნილისთვის ფუფუნების საგანია.
„დღეს მე-8 საავადმყოფოს ტერიტორიაზე დასახლებულ დევნილთა ოჯახებს ვესტუმრე, რომლებიც საკმაოდ მძიმე ვითარებაში ცხოვრობენ, რაც 21საუკუნეში ჩვეულებრივი მოვლენაა. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ დევნილთა ის ნაწილი, რომელიც აფხაზეთიდან არის წამოსული, სახელმწიფოს მხრიდან არა მარტო მიტოვებული, არამედ მიგდებულია."ქრისტიან - დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში, ყველა დევნილი მიიღებს სადაზღვევო პოლისს და უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საცხოვრებელი პირობებით ."- განაცხადა ჯაბა სამუშიამ