ხვალ, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (გორი) რუსთაველის თეატრის ექპერიმენტულ სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს "სექტემბრის თოვლი". ნილ საიმონის პიესის მიხედვით სპექტაკლი დადგა რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა.
"სექტემბრის თოვლი" ფსიქოლოგიური დრამაა. ეს არის ირაკლი სამსონაძის ავტორიზებული გადაწყვეტა ნილ საიმონის პიესისა "მეორე ავენიუს ტუსაღი".
სპექტაკლი ტიპური ამერიკული ოჯახის პრობლემებს ეხება. 40 წლის მამაკაცი კარგავს სამსახურს, ოჯახს მძიმე სოციალური პრობლემები ელის. ამის გამო კაცი დეპრესიაში ვარდება. ცოლი ყოველმხრივ ცდილობს, ქმარს ტვირთი შეუმსუბუქოს. კაცის დახმარებას ცდილობენ ახლობლებიც, თუმცა უშედეგოდ. ცოლ-ქმარი ფიქრობს, მიატოვოს ქალაქი და ამ დროს მოდის დიდი ხნის ნანატრი თოვლი სექტემბერში.
სპექტაკლში მონაწილეობენ ბაჩო ქაჯაია, ნათია მელაძე, კახა ბერიძე, ლიკა კევლიშვილი, თამარ თეთრაძე, ანა ჩოგოვაძე.