„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა და ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ანდრო ალავიძე, ზემო ჩუღურეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრაზე გიგი უგულავამ ქალაქის განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა, რომლის ფარგლებში 2013 წელს ჩუღურეთის რეაბილიტაცია იგეგმება. აღდგება ძველი შენობა-ნაგებობები, მოეწყობა თანამედროვე ინფრსტრუქტურა, გაკეთდება ახალი გზა, რომელიც ზემო ჩუღურეთს ქალაქის ცენტრთან დააკავშირებს და რაც მთავარია დასრულდება შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, გადაიჭრება ქალაქში სატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები და თბილისის ცენტრალური ნაწილი ტრანსპორტისგან განიტვირთება. რკინიგზის ქალაქის ცენტრიდან გადატანით, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე აშენდება ახალი მრავალფუნქციური ცენტრი, რაც სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ბოლოს გიგი უგულავამ ანდრო ალავიძეს საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.