„ჩვენებურების ცნობით, ისინი მსმენელს უნიკლაურ პროექტს უმზადებენ, რომელიც საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის ოთარ პატარიძის დახმარებით ხორციელდება. პროექტის მიზანია ყველასაგან მივიწყებული „შეფიცულთა" სიმღერის გაცოცხლება.
სიმღერა მეტეხის ციხეში საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილმისჯილი ქართველი მეომრების მიერ 1921 წლის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით დაიწერა.
ამავე პროექტის ფარგლებში საფრანგეთში 1962 წლიდან მოქმედ ანსამბლ „მერანის" ჯერ კიდევ ცოცხალ წევრებთან ერთად „ჩვენებურები" საერთო ალბომს ჩაწერენ.
ალბომში „შეფიცულთა" სიმღერის გარდა, ის სიმღერებიც შევა, რომლებსაც ემიგრანტთა ანსამბლი გასულ საუკუნეში საფრანგეთში ქმნიდა და ასრულებდა. აღშნული სიმღერები ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია
ცნობისთვის ფოლკჯგუფი „ჩვენებურები" 11 წლის წინ ცნობილმა მომღერალმა, ლოტბარმა და ანსამბლ ერისიონის სოლისტმა ნუგზარ კურცხალიამ ჩამოაყალიბა. ამ 11 წლის განმავლობაში ანსამბლმა 4 ალბომი ჩაწერა, გამართა ათეულობით სოლო კონცერტი და გახდა რამდენიმე მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში. მონაწილეობა მიიღო არაერთ წარმატებულ ექსპერიმენტალურ მუსიკალურ პროექტში ქართველ და უცხოელ მუსიკოსებთან ერთად.