ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დედა ლესია ღონღაძე აცხადებს, რომ ორი წლის წინ მან გიორგისგან სამი წერილი მიიღო, რომლებიც დნეპროპეტროვსკის ოლქიდან იყო გამოგზავნილი. ეს განცხადება მან გამოცემა "სეგოდნიასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"ორი წლის წინ მე გიორგისგან მივიღე სამი წერილი დნეპროპეტროვსკის ოლქში. წერილები 100%-ით მისი ხელითაა დაწერილი, ასევე მისია წერილის დაწერის სტილი. ერთ-ერთი გათგანი საეჭვო მოსალოცია აღდგომის დღესასწაულზე. ბოლოს მიწერილია, რომ მე იგი არავისთვის მეჩვენებინა, ვინაიდან ამის გამო მხოლოდ უარესი იქნებოდა", _ აცხადებს ლესია ღონღაძე, რომელსაც დღემდე არ სჯერა, რომ ნაპოვნი ტანი მის ვაჟს ეკუთვნის.
"მე სიმართლეს დაველოდები", _ აცხადებს ჟურნალისტის დედა.
ამას გარდა, ლესია ღონღაძე ასევე აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ის საქართველოდან დაბრუნდა და თან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც ქარწყლდება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 1990-იან წლებში ღონღაძე დაქირავებული და ტერორისტი იყო.
"ამ დოკუმენტის მიხედვით დასტურდება, რომ ის სოხუმში როგორც ჟურნალისტი იმყოფებოდა და არა როგორც დაქირავებული მებრძოლი. ჩემი ოჯახისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", _ აცხადებს ლესია ღონღაძე.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის 16 სექტემბერს გაუჩინარდა. იმავე წლის ნოემბერში მისი უთავო ცხედარი კიევის ოლქში მდებარე ერთ-ერთ ტყეში იპოვეს.