დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხათუნა დეკანოიძის განცხადებით, ყველა სკოლა 17 სექტემბერს სასწავლო პროცესს შეფერხების გარეშე განაახლებს.
მინისტრის განცხადებით, წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები 527 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში აგრძელებს მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელოების გადაცემას და წელს 140 ათასი მოსწავლე I-დან XII კლასის ჩათვლით სახელმწიფოსგან საჩუქრად სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.
"სახელმძღვანელოები გადაეცემათ სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრებს, იმ ოჯახების მოსწავლეებს, საიდანაც ერთდროულად სამი ან მეტი ბავშვი სწავლობს სკოლაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს. სულ ამ სამი კატეგორიის მოსწავლეებზე მილიონამდე წიგნი გაიცემა და ეს სახელმძღვანელოები მათ 17 სექტემბერს სკოლაში დახვდებათ", - აღნიშნა მინისტრმა.
17 სექტემბერს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს სკოლაში ნეტბუკი დახვდება.
რაც შეეხებათ უმაღლეს სასწავლებლებს, სწავლის დაწყებას სასაწვლებლები თავად წყვეტენ, თუმცა სასწავლო პროცესი არა უგვიანეს პირველი ოქტომბრისა უნდა დაიწყოს. იგივე ეხებათ საბავშვო ბაღებსაც, რომლებიც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არიან.