დღეს,17 სექტემბერს , 20:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, თბილისის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, უილიამ შექსპირის "როგორც გენებოთ" პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორია ლევან წულაძე, ადაპტირებული ავტორი - ლაშა ბუღაძე, კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე. მონაწილეობენ მსახიობები: ონისე ონიანი, როლანდ ოქროპირიძე, ზურაბ ბერიკაშვილი, ნიკა კუჭავა, დავით ხურცილავა, ბესო ბარათაშვილი, მალხაზ აბულაძე და სხვები.
მარჯანიშვილის თეატრმა სპექტაკლი "როგორც გენებოთ" 18 და 19 მაისს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში შექსპირის ფესტივალ "მსოფლიო გლობუსზე" წარადგინა. ფესტივალზე შექსპირის 37 პიესა 37 ქვეყანამ საკუთარ ენაზე დადგა.