ხვალ, 17 სექტემბერს საქართველოს რუმინეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო კალანდაძის განმარტებით, ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება აღნიშნული ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელების ერთობლივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი ვიზიტით კიდევ ერთხელ გაუსვამენ ხაზს, რომ მათ ქვეყნებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ საქართველოსთან. სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხები ევროკავშირთან ურთიერთობაში, სადაც ეს ქვეყნები ლობისტური ქმედებებით გამოირჩევიან, როდესაც საკითხი საქართველოს ეხება.