დღეს, 16 სექტემბერს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი ავტორბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეხუთე ეტაპს ოთხ კლასში: „ფორმულა ალფა", „ლეგენდსი", GT და მონო კლასსი უმასპინძლებს.
რბოლა კლასების მიხედვით 11:55 საათზე დაიწყება და 17:10 საათამდე გასტანს და მასში ერთმანეთს ქართველი და რუსი ავრომრბოლელები დაუპირისპირდებიან.
რუსთავის ავტოდრომის მენეჯმენტის ცნობით, საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის საქართველოს ორი უძლიერესი რუსი მრბოლელი ოლეგ ჩებოტაროვი და ლევ ეფიმი ეწვივნენ, ხოლო საქართველოს მხრიდან შეჯიბრზე, სხვებთან ერთად დავით ქაჯაია (მრბოლელი, რომელმაც ევროპის ლეგენდსის თასის გათამაშებაში ლიდერობს), მევლუდ მელაძე და შოთა აფხაზავა იასპარეზებენ.
„რუსი სტუმრები რუსეთის „ლეგენდსის" თასის ლიდერები არიან. მათგან ერთ-ერთს, ოლეგ ჩებოტაროვს უკვე აქვს საქართველოში რბოლის გამოცდილება, ხოლო ლევ ეფიმი ჩვენს ქვეყანაში პირველად იასპარეზებს. ორივე მათგანი რუსეთის ჩემპიონატებზე ლიდერის პოზიციებს ფლობენ და ძლიერ მეტოქეებს წარმოადგენენ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, იასპარეზებენ 2012 წლის ლეგენდსის ევროპის თასის ლიდერი დავით ქაჯაია, რუსთავის ავტოდრომის მფლობელი და გამოცდილი მრბოლელი შოთა აფხაზავა და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი მევლუდ მელაძე. ყოველივე ეს იმედს გვაძლევს, რომ კვირას ავტოდრომზე მოსულ მაყურებელს საინტერესო და დაძაბული სანახაობა ელის. ბილეთის ფასი სულ 5 ლარია და შესაბამისად ავტოსპორტის უამრავ გულშემატკივარს ველოდებით,"-აცხადებს რუსთავის ავტოდრომის მარკეტინგის დირექტორი მანუჩარ ჭაფოძე.
საქართველო ამიერკავკასიის ერადერთი ქვეყანაა, რომელსაც „ფორმულას" კლასის ნაციონალური ჩემპიონატი გააჩნია. ამასთან საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვშიც შედის, რომლებშიც „ლეგენდსის" საერთაშორისო კლასის ჩემპიონატები იმართება. ასეთები კი არიან აშშ, საფრანგეთი, ბელგია, მაროკო, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი. „ჩვენ ყველა პირობა გაგვაჩნია, რომ საქართველოში სარბოლო ჩემპიონატები უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ. რაც მტავარია აქტიურად ვემზადებით ნოემბრის ბოლოსთვის, როდესაც დიდ საერტაშორისო ეტაპს ვუმასპინძლებთ ,"-აცხადებს მანუჩარ ჭაფოძე.