დღეს, 16 სექტემბერს, ბაგრატის აღდგენილი ტაძარი ეკურთხება. ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.
ტაძრის კურთხევის დღესასწაულთან დაკავშირებით, მსახურებაზე დასასწრებად მრევლი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩავა.
ამასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობასა და მხედრობას ბაგრატის ტაძრის კურთხევაზე დასწრებისკენ 9 სექტემბერს მოუწოდა.
"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - ბრძანა პატრიარქმა.
ბაგრატის ტაძრის აღდგენა 2009 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანა. ამის მიზეზად კომიტეტმა 2009 წელს ტაძარზე დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაო დაასახელა, რომელიც შენობის ავთენტურობასა და მთლიანობას არღვევდა. მიმდინარე წელს საზოგადოებაში დისკუსია გამოიწვია ტაძრის დასავლეთის მკლავისა და პატრონიკეს ანუ აივნის მოწყობის საკითხმა.
მიმდინარე წელს სანკტ-პეტერბურგში გამართულ 36-ე სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი კვლავ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში დატოვა და მის სამომავლო სტატუსს 2013 წლის სხდომაზე განიხილავს.
ბაგრატ მესამემ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი მე-10-ე მე-11-ე საუკუნეების მიჯნაზე ააგო და იგი საქართველოს ერთიანობის სიმბოლური გამოხატულობა იყო. მე-17 საუკუნის ბოლომდე ტაძარი უვნებლად იდგა. შემდეგ ოსმალებმა შემუსრეს. ამ დროს ჩამოინგრა გუმბათი და გადახურვები. მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე ბაგრატის ტაძრის სამხრეთი და დასავლეთის კარიბჭეებიც იყო შემორჩენილი.
ტაძრის აღდგენა-კონსერვაცია 1952 წლიდან დაიწყო. 1994 წელს კი ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად იუნესკომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.