"სააკაშვილი დაჟინებით უმტკიცებს სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ ათასობით ადამიანს, რომ "თუ ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში ყველას სამსახურიდან გაყრის და ანგარიშს გაუსწორებს. ყველას გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ მსგავსი არაფერი მოხდება - რევანშიზმი და პოლიტიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია - ოღონდ აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში "ქართული ოცნების" აქციაზე.
მისივე თქმით, ვისაც მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი - მას დამოუკიდებელი სასამართლო კანონის ძალით გაასამართლებს.
"ჩვენი გამარჯვების შემდეგ ვინც კი გაბედავს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იგივე სასამართლო გამოუტანს განაჩენს ყველას.
ამ ხელისუფლებამ მრავალი უდანაშაულო ადამიანი პრობაციონერად აქცია. გარდა იმისა, რომ ეს დღეს ბიუჯეტის შევსების ერთ ერთ მთავარი წყარო გახდა, ხელისუფლება მათ და მათი ოჯახის წევრებს შანტაჟითა და დაშიანებით აიძულებს "ნაციონალების" სასარგებლოდ მუშაობას და არჩევნებში მათ მხარდაჭერას.
ჩვენ არ ვაპირებთ პატიმრებთან ანგარიშსწორებას ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ჩვენ ვიზრუნებთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ ჩვენს საზოგადოებას. ჩვენ არც ერთი ადამიანი დასაკარგი არ გვყავს", _ აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ - "ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველა ადამიანის ქომაგი ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება".
.