მალე ქობულეთში ახალი რესტორანი და ავტოსადგური აშენდება. აღნიშნული ობიექტების მშენებლობისათვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორს უკვე ეძებს.
სამინისტრომ ქობულეთში, აბაშიძის ქ. #1-ში მდებარე 534 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ქ. ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მოედანზე მდებარე 1542 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ქ. ქობულეთში, რკინიგზის სადგურიდან კინტრიშის ხიდამდე მდებარე 1041 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ერთ ლოტად, პირობებიანი აუქციონზე უკვე გამოიტანა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 3 თვის ვადაში მშენებლობის დაწყება და მშენებლობის დაწყებიდან არანაკლებ 5 თვის ვადაში ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად 350 კვ.მ ფართობის ავტოსადგურის და მასთან დაკავშირებული არანაკლებ 30 ავტომანქანაზე ავტოპარკინგის აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა;
ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში შენობა-ნაგებობის მშენებლობის დაწყება და არანაკლებ 12 თვის ვადაში ქ. ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად არანაკლებ 700 კვ.მ ფართობის რესტორნის აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა;
აღნიშნულ პროექტის რეალიზებისთვის ინვესტორი ვალდებულია არანაკლებ 600 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში არანაკლებ 20 მოქალაქე დაასაქმოს. ინვესტორი ვალდებულია ასევე, რესტორნსა და ავტოსადგურს პროფილი 10 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.პირობებიანი აუქციონი 28 სექტემბრისთვისაა ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 70 ათასი ლარია.