თბილისის მთავრობამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპნიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი მიმდინარე წლის ზაფხულში დაარეგულირა.
გამოიყო ადგილები, სადაც დამონტაჟდა სპეციალური სტენდები. სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეუძლია.
საარჩევნო კოდექსის შესაბამისად გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. თბილისის მთავრობამ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც პლაკატების განთავსება იკრძალება (ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები).
გარდა საკანონმდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს კვლავ მოუწოდებს არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე, რათა შევინარჩუნოთ მათი იერსახე.