"ბაგრატის ტაძარი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძარში სტუმრობისას და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
"ჩემ უკან აღდგენილ ბაგრატის ტაძარს ხედავთ. ეკლესიის აშენება ან მისი აღდგენა დიდებული საქმეა. ტაძარი უფლის სახლია და მისი შენება ყველაზე დიდი ღვაწლია ნებისმიერი ქრისტიანისთვის. განსაკუთრებული გრძნობაა, როცა ტაძარი არა მხოლოდ უფლის სახლი, არამედ მთელი ერის, კულტურისა და ისტორიის ერთ-ერთი გვირგვინი, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა. ბაგრატის ტაძარს თითოეული ქართველისთვის სწორედ ასეთი სტატუსი აქვს. ბედნიერი ვარ, რომ მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მერგო შესაძლებლობა, მოკრძალებული წვლილი შემეტანა მის აღდგენაში. ბედნიერი, ვარ, რომ თქვენთან ერთად ვარ იმ საქართველოს შვილი, იმ თაობისა და ეპოქის წარმომადგენელი, რომელმაც ბაგრატის ტაძრის აღდგენა შეძლო", - განაცხადა პრეზიდენტმა და ტაძრის მშენებლობაში მონაწილე ყველა პირს მადლობა გადაუხადა.
"მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ გრანდიოზულ მშენებლობაში მონაწილეობა მიიღო. მადლობა ყველა მუშასა და მშენებელს, ყველა ინჟინერსა და არქიტექტორს. დარწმუნებული ვარ, თითოეული ქართველი ამ მადლობას შეუერთდება. საქართველოს სახელმწიფოს გერბზე შემთხვევით არაა ამოტვიფრული სიტყვები "ძალა ერთობაშია". ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ერთ მუშტად შეკვრა, არის ის ერთადერთი უმთავრესი ძალა, რომელიც განაპირობებს ჩვენი მცირერიცხოვანი, უძველესი ერის უკვდავებას. ქართველი ერი ბრძენია და მან თავისი თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხა", - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტაძრის მშენებლობაში უდიდესი წვლილი საქართველოს პატრიარქმა შეიტანა.
"თქვენი სახელით განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომლის ლოცვა-კურთხევა გადამწყვეტი იყო ამ დიდებული საქმის დაგვირგვინებისთვის. თუმცა დღევანდელი დღის მთავარი გმირი არის ის კაცი, ვინც ეს დიდებული ტაძარი თავის დროზე ააგო. იგი არის ქართული ეროვნული ერთიანობის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის პირველი ავტორი და ერთ-ერთი დიდი ქართველი მეფეთა შორის - მეფე ბაგრატი. სწორედ მან საფუძველი ჩაუყარა და შეასხა ხორცი იმას, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობისთვის, სახელმწიფოს წარმატებისა და წინსვლისთვის, ეს არის ერთიანობა", - განაცხადა პრეზიდენტმა.