პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის თითქმის 100 %-ის შენარჩუნება შეძლო. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ბორჯომში სტუმრობისას, მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ბორჯომის ტყეებში ბევრ ადგილზე გვქონდა გადამალული არტილერია, რომელიც მტრის ზურგში აღმოჩნდა. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის თითქმის 100% შეინარჩუნეს და ეს მოახერხეს იმ პირობებში, როცა გარშემო ყველა მოსახლემ, ყველა გამვლელ-გამოვლელმა იცოდა, სად იყო ჩაფლული ჩვენი სამხედრო ტექნიკა. არც ერთმა არ გასცა ჩვენი არტილერიის ადგილსამყოფელი, მათ შორის, არც ეთნიკურმა ოსებმა - მინდა ეს რუსების გასაგონად ვთქვა", - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა და აღნიშნულისთვის ბორჯომელებს მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომში სტუმრობის ფარგლებში სააკაშვილმა ევროპული სტანდარტებით გარემონტებული სკოლის შენობა გახსნა. შემდეგ კი, პედაგოგებს ესაუბრა. მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეების მიერ რუსული აგრესიის თემაზე შექმნილი ნახატები დაათვალიერა.
პრეზიდენტმა განცხადება სკოლებში ახალი საგამოცდო სისტემის დანერგვის საკითხზედაც გააკეთა. ქვეყნის პირველი პირი მე-11 კლასელებს დაჰპირდა, რომ მათთვის წლევანდელი საგამოცდო ტესტები "მარტივი იქნება".