საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმებისა და ინოვაციური სისტემების გაცნობის მიზნით, 14 სექტემბერს, ეროვნულ ბანკს სურინამის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
იან ბოლმანი - სურინამის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი და დელანო ჩან ჯონ ჩუ - საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფიცერი, ქართველი კოლეგებისგან მიიღებენ ინფორმაციას საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემის დანერგვის შესახებ. შეხვედრებში მონაწილეობას იღებს ამერიკული კომპანია "აევე მონტრანის" წარმოამდგენელი კეით ესკა.
დელეგაციის წევრები საქართველოში RTGS და CSD სისტემების მიმწოდებელი კომპანიის "მონტრანის" რეკომენდაციით ჩამოვიდნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ იმ რეფორმებსა და სისტემებს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში დანერგა - ეს არის ანგარიშსწორების მაღალტექნოლოგიური სისტემები, რომელიც საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს გადარიცხვები სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელონ.
სტუმრები ეროვნული ბანკში უკვე შეხვდნენ საგადახდო სისტემების, ფინანსური ბაზრების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტების წარმოამადგენლებს და ადგილზე გაეცნენ უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
ეს უკვე მეხუთე უცხოური ცენტრალური ბანკია, რომელიც როგორც წარმატებულ მაგალითს, ეწვია საქართველოს ეროვნულ ბანკს. მანამდე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პაპუა ახალი გვინეის, ეთიოპიის, ავღანეთისა და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს უმასპინძლა. მათი ვიზიტი მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით განხორციელდა.
სურინამის ცენტრალური ბანკი 1957 წელს დაარსდა და ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. სურინამის ცენტრალური ბანკი სამი აღმასრულებელი დირექტორატისგან შედგება: საბანკო ოპერაციების, მონეტარული და ეკონომიკური და ზედამხედველობის დირექტორატები.