"დემოკრატიული მოძრაობა" 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარის საზეიმო გახსნის ცერემონიალს დაესწრება", - აღნიშნულის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახურის უფროსმა ბაკურ ბაკურაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პატრიარქის მოწოდება მნიშვნელოვანია.
"პატრიარქის მოწოდება თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ,,დემოკრატიული მოძრაობა" ბაგრატის ტაძარში წარმოდგენილი აუცილებლად იქნება", - განაცხადა ბაკურაძემ და აღნიშნა, რომ საზემო ცერემონიალს მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ვერ დაისწრება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბაკურაძემ განცხადა ნინო ბურჯანაძეს პატრიარქის მოწოდებამდე დიდი ხნით ადრე საზღვარგარეთ ჰქონდა ვიზიტი დაგეგმილი.
,,სამწუხაროდ, ქალბატონი ნინო ბურჯანაძე სამუშაო ვიზიტით, საზღვარგარეთ იმყოფება და ვიზიტის გადადება ვერ მოხერხდა", _ განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პოზიციის, ოპოზიციის, მთავრობისა და მხედრობის წარმომადგენლები ბაგრატის ტაძარში მიიწვია. პატრიარქმა ბრძანა, რომ 16 სექტემბერს ბაგრატის ტაძარი იხსნება და ის წირვა-ლოცვას ქუთაისში აღავლენს.
"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - ბრძანა პატრიარქმა.