პირველად საქართველოში, ლიბერთი ბანკი გთავაზობთ ონლაინ განვადებას ადგილზე მიტანის სერვისით. თუ აქამდე მომხმარებელს ნებისმიერი ტიპის პროდუქტის ონლაინ განვადებით შეძენის დროს უწევდა პროდუქტის მისაღებად ადგილზე მისვლა, ახლა მათ უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი ვებ გვერდზე, ბანკში მისვლის გარეშე. ამასთანავე, ლიბერთი ბანკი შვილობილ კომპანია Freeshop.ge-სთან ერთად უკვე უზრუნველყოფს პროდუქციის სახლში მიტანის სერვისსაც, სადაც ადგილზე ხდება განვადების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რაც უფრო მოსახერხებელს ხდის პროცედურას. განაცხადა გარე გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ასანიშვილმა.
ამ ტიპის განვადება მოქმედებს ვებ გვერდებზე: Swoop.ge და Freeshop.ge. აღნიშნული კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ტექნიკის ფართო არჩევანს, აგრეთვე ფასდაკლებებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა და პროდუქციაზე.
ყოველთვიურად ვებ გვერდ Freeshop.ge-ს 8000-მდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. 2012 წლის ივნისში გაშვებული ონლაინ განვადების სერვისით უკვე 200-ზე მეტმა კლიენტმა ისარგებლა. შესაძლებელია პროდუქციის ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენა და ადგილზე მიტანა.
ონლაინ განვადებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია Swoop.ge-ზეც. Swoop-ი მომხმარებლებს სთავაზობს 30%-დან 90%-მდე ფასდაკლებებს სხვადასხვა სერვისებსა და პროდუქტებზე. კომპანიის ვებ გვერდზე 30 000-მდე მომხმარებელია დარეგისტრირებული და საერთო ჯამში გაყიდულია 14 000-ზე მეტი შეთავაზება. კლიენტებს აგრეთვე ეძლევათ საშუალება, მიიღონ დამატებითი ფასდაკლება ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადებით სარგებლობისას.
უახლოეს დღეებში იგეგმება ონლაინ განვადების სერვისის ჩართვა ვებ გვერდ eauction.ge-ზე. Eauction.ge ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს პროექტია, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი ნივთისა და უძრავი ქონების აუქციონის წესით გაყიდვა.
პრეს კონფერენციაზე ლიბერთი ბანკის 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით ‘Gift Card'-ით დაჯილდოვდებიან Freeshop.ge-ს ონლაინ განვადების მე-100, და Swoop-ის ონლაინ განვადების პირველი მომხმარებლები.