13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხობისა და ფოთის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) და მღვდელმა თევდორემ ფოთის საკათედრო ტაძრის ეზოში, აჭარა, სამეგრელო, ზემო სვანეთის საინფორმაციო ცენტრის (Tspress.ge) რედაქტორს ელისო ჯანაშიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ფლიპ კამერა დაუმტვრიეს.
ელისო ჯანაშიას თქმით, მან და TSpress.ge-ის ჟურნალისტმა იზა სალაყაიამ ფოთის საკათედრო ტაძრის გალავანზე გაკრული ბანერები გადაიღეს, რომლებზეც პრეზიდენტის, პატრიარქის და მეუფე გრიგოლის ფოტოებია გამოსახული. შემდეგ კი მეუფე გრიგოლს და მის თანმხლებ სასულიერო პირებს ჰკითხეს, ხომ არ იყო აღნიშნული ბანერები „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეკლამა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია.
„ბანერების გადაღებისას ტაძრის ეზოში გამოჩდნენ მეუფე გრიგოლი და ფოთში მოღვაწე სხვა სასულიერო პირები. ისინი ტაძარში შევიდნენ. დაახლოებით 30 წუთში გამოსულმა მამა იოსებმა ჩვენი კითხვები მოისმინა. კითხვები შეეხებოდა ტაძრის გახსნის და მისი კურთხევის თარიღს, ასევე „პოლიტიკური კურთხევის" შესახებ ქადაგებასა და ბანერზე გამოსახული პრეზიდენტის ფოტოებს - იყო თუ არა ის „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რეკლამა. TSpress.ge-ს რამდენიმე წუთში, მამა იოსებმა განუცხადა, რომ მეუფე დაღლილი იყო და კომენტარს ვერ გააკეთებდა. ამ დროს მეუფე ტაძრის გასასვლელისკენ გაემართა. მასთან მივიდა ჟურნალისტი იზა სალაყაია და კურთხევა სთხოვა, მეუფემ მას ზედაც არ შეხედა. მე შევეცადე კითხვა დამესვა, რადგან ჩვენ არასდროს გვაქვს მისი კომენტარის მიღების საშუალება. მან ტაძრის გახსნის თარიღთან დასმულ კითხვაზე პასუხი არ გამცა. მე დავინტერესდი მიზეზით, რატომ არ მცემდა პასუხს. მას განრისხება დაეტყო და ერთ მომენტში მომეჩვენა, რომ კვერთხი მომიღერა, მაგრამ თავი შეიკავა, თუმცა, ტაძრის ეზოში პრეზიდენტის ბანერთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ ის იმდენად განარისხა, რომ გადმომიხტა, ფეხი ჩამარტყა წვივში, მხარი გამკრა და დამიყვირა, გაიწიეო. ამ დროს მან მის უკან მომავალ მამაოებს უბრძანა, მოვეცილებინეთ იქაურობას, რაც იმავე წამს აღასრულა მამა თევდორემ, რომელმაც ხელები გადამიგრიხა, ხელი სტაცა ფლიპკამერას, რომელიც იმავე წამს გაითიშა. ფლიპის საკიდი მაჯაზე მქონდა და წართმევა უცებ ვერ მოახერხა, მკლავზე და მაჯაზე ჯაჯგურის შემდეგ, მან მოახერხა საკიდის გაწყვეტა და ფლიპის წართმევა, რის შემდეგაც კამერა შორს მთელი ძალით მოისროლა, მეუფემ კი ამასობაში ტაძრის ეზო მშვიდად დატოვა,"- განაცხადა ელისო ჯანაშიამ.
TSpress.ge-მ ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გუშინვე გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, როგორ ღიზიანდება მეუფე პრეზიდენტის ბანერთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე და როგორ აყენებენ სასულიერო პირები ჟურნალისტს ფიზიკურ შეურაცხყოფას.
იზა სალაყაია: გვაინტერესებს ტაძრის კუთხვევა როდის არის დაგეგმილი?
მამა თევდორე: მომისმინეთ, რაღაცას გეტყვით გენაცვალე, თავხედობაში გადადიხართ.
ელისო ჯანაშია: რატომ? გთხოვეთ, როდის იხსნება ეს გვაინტერესებს. არ გველაპარაკებით თუ... ძაან დიდი ბოდიში.
მეუფე გრიგოლი: გაიყვანეთ ესენი რა.
ელისო ჯანაშია: პრეზიდენტის ფოტო რომ არის აქ გაკრული რამდენად სწორია მეუფეო?
მეუფემ ფლიპ კამერას ხელი წაავლო და ჟურნალისტს მიმართა: „გაიწიეთ კაცო, გაიწიეთ", მამა თევდორემ კი ელისო ჯანაშიას ხელი გადაუგრიხა, კამერა წაართვა და გადააგდო.
ელისო ჯანაშია: ეს რა იყო, თქვენ სასულიერო პირი ხართ?
მამა თევდორე: სასულიერო პირი ვარ, მაგრამ უზრდელი ხარ შენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარისთვის საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებას არაერთხელ შეეცადა, თუმცა საპატრიარქოს პრესცენტრში სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
ელისო ჯანაშია აპირებს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავებს მიმართოს.
ვიდეო
ნათია დანელიშვილი | კახეთის საინფორმაციო ცენტრი