,,ქართული ოცნების" მეგობარი კორუფციის ჭაობში ჩაფლული რუსეთის სახელმწიფოა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა ,,ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ,,ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ივანიშვილი რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელია.
,,საკუთარ ხელისუფლებას ასეთი სიტყვებით მიმართავს, ხოლო მეორე მხრივ მეგობრობა იმ სახელმწიფოს ლიდერთან უნდა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, ადამიანების ეთნიკური წმენდა მოახდინა და საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რომელ მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილი. ის, რომ საქართველო დასავლური სახელმწიფოა და მისი მეგობრები დასავლის ღირებულების მქონე სახელმწიფოები არიან, ხოლო მეორეს მხრივ ,,ქართული ოცნების" მეგობარია რუსეთის ფედერაცია. სახელმწიფო, რომელიც არის ჩამორჩენილი და კორუფციის ჭაობშია ჩაფლული", - განაცხადა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ფრანს პრესისთვის" მიცემული ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს ,,პროფესიულ მატყუარასა და ძაღლიშვილს" უწოდებს. ,,ფრანს პრესის" ინფორმაციით, ივანიშვილი სააკაშვილს რუსეთის ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ,,მე არ მინდა გავაკრიტიკო პუტინი, რადგან არ მინდა დავემსგავსო სააკაშვილსა და გავაკრიტიკო დიდი ქვეყანა", - აცხადებს ივანიშვილი.