14 სექტემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის
სახელობის ეროვნულ გალერეაში ემიგრანტი ქართველი მხატვრის, ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. მხატვრის შემოქმედება პირველად წარდგება ქართული საზოგადოების წინაშე.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო, ვერა ფაღავას ასოციაცია, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. პროექტი ბანკ "რესპუბლიკის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ვერა ფაღავას შემოქმედებას საქართველოში აქამდე მხოლოდ სპეციალისტები და მხატვრობით დაინტერესებული ადამიანები იცნობდნენ. მან საქართველო გასული საუკუნის 20-იან წლებში, 12 წლის ასაკში დატოვა და თითქმის მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ღონისძიებების მხარდაჭერა ჩვენთვის დიდი ხანია ტრადიციად იქცა. მოხარულები ვართ, რომ ბანკ "რესპუბლიკის" მხარდაჭერით ქართული საზოგადოება შეძლებს ვერა ფაღავას შემოქმედების ახლოს გაცნობას. ეს კულტურული მოვლენა ქართული და ფრანგული კულტურის შემდგომ დაახლოებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ბანკ "რესპუბლიკის" გენერალურმა დირექტორმა კრისტიან კარმანიოლიმ.
საკუთარი მრავალწლიანი ტრადიციის და ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" საერთაშორისო სტრატეგიის კვალდაკვალ ბანკი "რესპუბლიკა" ისევ აქტიური შუამავალია თანამედროვე ქართულ კულტურასა და საზოგადოებას შორის. ვერა ფაღავას ნამუშევრების გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება. 15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, ისიამოვნონ ამ ქალბატონის ღრმა და ფაქიზი შემოქმედებით.