საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე სოციალური მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდნენ. სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზას ადგენს.
პრემიერ-მინისტრმა სააგენტოს ქოლცენტრიც დაათვალიერა, რომლის ძირითად ფუნქციასაც წარმოადგენს უკვე ბაზაში განთავსებულ ოჯახებში ზარების განხორციელება და „დასაქმების აგენტების" საქმიანობის მონიტორინგი. ვანო მერაბიშვილმა ერთ-ერთ ოჯახშიც დარეკა და აგენტების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხით დაინტერესდა.
შეგახსენებთ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საქართველოს მასშტაბით 3000 „დასაქმების აგენტი" ჰყავს. მათ კარდაკარის პრინციპით 763 000 ოჯახი უნდა მოიარონ და აღწერონოჯახების დასაქმებისა და გადამზადების საჭიროებები. მოგვიანებით შევსებული ანკეტები ოპერატორებს დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში შეჰყავთ. უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში, „დასაქმების აგენტები" უკვე ესტუმრნენ 559 000 ოჯახს, რომელთაგანაც 289 000 ოჯახის ანკეტა უკვე დასაქმების ერთიან ელექტრონულ ბაზაში არის განთავსებული. ოქტომბერში, სააგენტოს მიერ აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ბაზა და არქივი სრულად გადაეცემა დასაქმების სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის