მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი სახალხო დამცველსა და იუსტიციის მინისტრს მიმართვას უგზავნის, რომელცა "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"მიმდინარე წლის 9-10 სექტემბერს ჯერ-ჯერობით დაუდგენელმა კრიმინალმა ან კრიმინალთა ჯგუფმა თბილისის ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე გამოსახა წმ. ნინოს ხატის ფემინისტური კარიკატურა ინგლისურენოვანი წარწერით „თავისუფლება Pussy Riot"-ს.
როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, ერთობ დიდი რეზონანსი გამოიწვია ე.წ. პანკ-ლოცვამ, რომელიც რუსულმა ფემინისტურმა პანკ-ჯგუფმა Puss Riot მოაწყო მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში შეძახილებით: „ღვთისმშობელო, გახდი ფემინისტი!" აღნიშნული ჯგუფის წევრების დაპატიმრების შემდეგ, უკრაინულმა ექსტრემისტულმა ფემინისტურმა ორგანიზაციამ Femen, მათი მხარდაჭერის საბაბით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ქალაქ კიევის ცენტრალურ პარკში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალური ჯვარი გადახერხა.
ამავე დროს, Femen-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნა, რომ „აპირებს მოაწყოს საგასტროლო ტური რუსეთში ხის მართლმადიდებლური ხელოვნების კერებში".
ჯვრის გადახერხვის ფაქტი Femen-ის ოფიციალურ ვებგვერდზე შეფასებულია როგორც „ჯგუფ „ჯვართდამხობის" თრეშ-ლოცვა".
Femen-ის წევრმა ალექსანდრა შევჩენკომ კი „ევრორადიოსთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩვენი ორგანიზაცია ღრმად ათეისტურია. ამიტომ, ფეხებზე გვკიდია მორწმუნეთა გრძნობები. მთავარია, ჩრდილი არ მიადგეს ათეისტების გრძნობებს".
აღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში დაუდგენელმა პირებმა მართლაც გადახერხეს 10-მდე მართლმადიდებლური ჯვარი.
მეტიც, Femen-ის აქტივისტებმა მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ჰოლანდიურ ქალაქ ენსჰედში წინასწარ დამზადებული ჯვრები გადახერხეს GOGBOT-ის მე-8 არტ-ფესტივალის ფარგლებში. აქტივისტების თქმით, ამ აქციით მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს Pussy Riot-ის დაპატიმრებულ წევრებს.
Femen-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის წერილი: „GOGBOT-ის მე-8-ე არტ-ფესტივალის მეორე დღე დაიწყო წმინდა ჯვართხერხვის საიდუმლოს აღსრულებით, რომელიც აღიარებულმა ოსტატებმა შეასრულეს. ეს აქცია Pussy Riot-ს მიეძღვნა. Femen-ის სექსტრემისტებმა ფესტივალის დასმწრეთა ოვაციების ფონზე სამი საავტორო ჯვარი გადახერხეს, რომლებიც აქციის ორგანიზატორებმა წინასწარ აღმართეს".
აქვე ყურადსაღებია, რომ ავსტრიის დედაქალაქ ვენას წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლურ საკათედრო ტაძარში Pussy Riot-ის მხარდამჭერებმა ე.წ. პანკ-ლოცვა გაიმეორეს. ასევე, მსგავსი ვანდალიზმის მცდელობას ჰქონდა ადგილი ფინეთშიც, სადაც ადგილობრივ მართლმადიდებელ ტაძარში ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი აპირებდა შეჭრას.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ სახეზეა ექსტრემისტი ათეისტი და ფემინისტი აქტივისტების ღია და აგრესიული თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე, მის ფასეულობებზე და ღირებულებებზე. ამ ვანდალურმა, რელიგიური უფლებების და მრწამსის შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა უკვე გამოიწვია საზოგადოების ამსხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება.
ერთმნიშვნელოვნად ნათელია, რომ ქვაშვეთის ტაძრის ეზოს კედელზე წმ. ნინოს ხატის კარიკატურის გამოსახვა წარმოადგენს რუსი და უკრაინელი ექსტრემისტი ათეისტების და ფემინისტების ვანდალიზმის საქართველოში გადმოღების და დამკვიდრების მცდელობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთა რელიგიური გრძნობების მიზანმიმართულ შეურახცყოფას, მართლმადიდებლურ ღირებულებებზე, ფასეულობებსა და სიწმინდეებზე თავდასხმას. ქართველ ვანდალებს შემთხვევით არ შეურჩევიათ წმ. ნინოს ხატი. ქართველთა განმანათლებლის ფემინისტურ კონტექსტში წარმოდგენა პირდაპირ ეხმიანება Pussy Riot-ის წევრთა მიერ მაცხოვრის ტაძარში გახმიანებულ ლოზუნგს: „ღვთისმშობელო, გახდი ფემინსიტი!" კარგად მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის და მისი სწავლებისთვის სრულიად უცხო და მიუღებელია ფემინისტური იდეოლოგია.
ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე, მოგმართავთ თქვენ, საქართველოს სახალხო დამცველს ბატონ გიორგი ტუღუშს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ ზურაბ ადეიშვილს, სათანადო შეფასება და კვალიფიკაცია მისცეთ ამ ვანდალურ ფაქტებს და ჩაატაროთ შესაბამისი გამოძიება, დამნაშავეთ დაეკისროს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, რათა მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი მკრეხელობა და თავიდან ავიცილოთ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირება. ამ ფაქტების არგამოძიება და შესაბამისი ღონისძიებების არგატარება კიდევ უფრო „თამამ" ვანდალიზმზე წაახალისებს დამნაშავეთ, მათ შორის, ტაძრებში შეჭრისკენ, ჯვრების განადგურებისკენ და Puss Riot-ის პანკ-ლოცვის ანალოგიური „აქციების" ჩატარებისკენ. ეს კი, საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს".