დღეს, 14 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა "პოლიტიკური პლაკატი - საქართველოს არჩევნების ისტორია". გამოფენა 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებს ეხმიანება და მისი მიზანია, შეახსენოს საზოგადოებას საარჩევნო გამოცდილება, რომელიც საქართველოში 1990 წლიდან დაგროვდა.
გამოიფინება 1990 წლიდან მოყოლებული ჩატარებული ყველა დონის არჩევნების ამსახველი პოლიტიკური საარჩევნო პლაკატი.
„გამოფენის მთავარი არსი არის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართული პოლიტიკური პროცესის დინამიკურობის და თავისებურებების საზოგადოებისთვის გაცნობა და იმის შეხსენება, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მოქალაქის პოლიტიკური არჩევანი საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ბევრად განსაზღვრავს თითოეული ამომრჩევლის და, ფართო აზრით, ქვეყნის მომავალს", - განაცხადა გამოფენის იდეის ერთ-ერთმა ავტორმა და ორგანიზატორმა ემზარ ჯგერენაიამ.
მისი განცხადებით, გამოფენის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არის ერთგვარი "პოლიტიკური ნეიტრალიტეტი", რაც გულისხმობს 1989 წლიდან ყველა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიისა და სუბიექტის საარჩევნო პლაკატის პროპორციულად, თანაბრად და მიუკერძოებლად წარმოდგენას. არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, მიუხედავად მისი წარსული და დღევანდელი მდგომარეობისა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცევა და იგი არ იქნება უგულებელყოფილი. გამოფენის კონცეფცია შეიძლება შემდეგნაირად დახასიათდეს: "პოლიტიკურად ნეიტრალურობის დაცვა და პოლიტიკური მრავალფეროვნების ასახვა."
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" მხარდაჭერით. გამოფენა 29 სექტემბრამდე გაგრძელდება.