აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ფილმ "მუსულმანების უდანაშაულობას", რომელმაც არაბულ სამყაროში საპროტესტო აქციები გამოიწვია, ამაზრზენი უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ძალადობის გამართლება არავითარი ფილმით არ შეიძლება. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ უცნობმა პირებმა ბენღაზში აშშ-ის საკონსულო ნაღმმტყორცნით დაცხრილეს. ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპნენ აშშ-ის ელჩი ლიბიაში, 52 წლის კრის სტივენსი, საელჩოს ერთი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.
თავდასხმა მას შემდეგ განხორციელდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ში გადაღებულ ფილმზე, სახელწოდებით "მუსულმანების უდანაშაულობა", რომელშიც წინასწარმეტყველი მუჰამედი, მუსულმანთა აზრით, უღირსადაა წარმოდგენილი. ანალოგიური გამოსვლები მოხდა ეგვიპტეში.
აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის გადაღებაში ამერიკელი პასტორი ტერი ჯონსიც მონაწილეობდა, რომელიც ყურანის დაწვის რამდენიმე აქციის განხორციელების შემდეგ გახდა ცნობილი.