"ეგზიტპოლების ჩატარება ნორმალურია", _ განაცხადა მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დაგეგმილი ეგზიტპოლების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პირველი არხი მიხეილ სააკაშვილისგან იმართება.
"ეგზიტპოლების ჩატარება ნორმალურია. თუმცა რამდენად სანდოა აღნიშნული ორგანი (GFK), არ ვიცი, არ შემისწავლია. მაგრამ ის, რომ პირველი არხი სააკაშვილისგან იმართება, უკვე ბევრის მთქმელია", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ეგზიტპოლს ჩაატარებს.ხმების წინასწარ დათვლას მაუწყებელი კვლევების ევროპულ კომპანიასთან ერთად განახორციელებს. გამოკითხვა პირველ ოქტომბერს 220 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, გამოიკითხება 25 ათასი რესპონდენტი.
მონაცემები არჩევნების დღეს, პირველ ოქტომბერს ოთხჯერ გავა ეთერში - 12, 17, 20 და 21 საათზე. GFK საარჩევნო კვლევას საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად მეორედ ახორციელებს.
2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, ეგზიტპოლების ცდომილება ოფიციალურ შედეგებთან მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. ბოლო პერიოდში საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა და ესპანეთის საარჩევნო კამპანია გამოიკვლია.