ევროპარლამენტმა რუსეთში "მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების შესახებ" რეზოლუცია მოიწონა. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება რუსეთში მიღებული რიგი კანონების შესახებ, რომლებიც რუსეთში მასობრივი აქციების ჩატარების უფლებას ზღუდავენ და არაკომერციულ ორგანიზაციებზე კონტროლს ამძაფრებენ.
რეზოლუციაში ასევე გამოთქმულია შეშფოთება რუსეთის სასამართლოების მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის "Pussy Riot"-ის საქმეზე, სერგეი მაგნიტსკის თემასა და დეპუტატ გენადი გუდკოვისათვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევის მცდელობებზე.
ევროპელი დეპუტატები შეშფოთებულნი არიან ასევე ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებებისა და გასამართლების გამო.
ევროპარლამენტი რუსეთს მის საერთაშორისო ვალდებულებებს შეახსენებს და აღნიშნავს, რომ ევროკავშირსა და მოსკოვს შორის კონსტრუქციული ურთიერთობები მოსკოვის ძალისხმევაზეა დამოკიდებული, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და გამყარებისკენ უნდა იყოს მიმართული.