შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებს შეხვდა და კოხლეარული იმპლანტის ოპერაციების დაფინანსების საგარანტიო წერილები გადასცა. სამინისტროს ინფორმაციით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის პროგრამით, შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა სმენადაქვეითებული ბავშვი ისარგებლებს. მინისტრმა ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში გამართულ შეხვედრაში მონაწილე ბავშვების მშობლებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები პირადად გააცნო.
ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რაც სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტის შეძენას, ოპერაციისა და პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
აქამდე პროგრამით მხოლოდ იმპლანტის მიღება იყო შესაძლებელი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 30000 ლარს შეადგენს. ოპერაციისა და რეაბილიტაციის ხარჯი, რაც ჯამში 10000 ლარამდე ჯდება თავად პაციენტებს უნდა დაეფარათ. პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სამინისტრო ეხმარება შესაბამისი ასაკის უკლებლივ ყველა ბავშვს, დაიბრუნოს სმენისა და მეტყველების უნარი და გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
კოხლეარული იმპლანტაციის ოპერაციები ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. ეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრი პირველია საქართველოში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის პათოლოგიების ურთულესი ოპერაციები კეთდება.