საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატოს ელჩები საქრთველოს სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გრძელდება მხარეებმა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.
,,მათ აინტერესებდათ ისეთი საკითხები, როგორიცაა წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მუშაობა, საუბარი შეეხო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას. ასევე დაინტერესდნენ ,,მაესტროს" სატელიტური ანტენების თემით და ჩვენგან ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს", _ განაცხადა გიორგი ტუღუშმა ნატოს ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ვიზიტით ნატოს ელჩები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
ამასთან, ნატოს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ელჩების ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში. დიპლომატები გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.
შემაჯამებელი შეხვედრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძესთან გაიმართება.