ქალაქში მოძრაობის განტვირთვის, ასევე თბილისელებისთვის კომფორტული და დროული გადაადგილების მიზნით, თბილისის მერია სხვადასხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
ერთ-ერთი ობიექტი, სადაც მშენებლობა უკვე დასრულდა „ლაგუნა ვერესთან" მდებარე ესტაკადაა. 248 მეტრი სიგრძის ბეტონის ახალი ესტაკადა თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით აშენდა. მისი საშუალებით, ორთაჭალის მხრიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას. ახალი ესტაკადა ორივე მხრიდან ბეტონის თვალამრიდებითა და საგზაო ნიშნებით აღიჭურვა.
მიმდინარე თვეში დასრულდება ასევე, მარჯვენა სანაპიროზე გმირთა მოედნიდან დიღმის მიმართულებით კიდევ ერთი ესტაკადის მშენებლობა, რაც სატრანსპორტო ნაკადებს შესაძლებლობას მისცემს 3 დონეზე ერთდროულად იმოძრაონ და მინიმალურ დროში შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა.
ქალაქში მიმდინარე ესტაკადების მშენებლობაზე სულ 800-მდე ადამიანი დასაქმდა.
„ლაგუნა ვერესთან" მიმდინარე და განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათავლიერა და ესტაკადების მშენებლობზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.