,,ნატოს ელჩების ვიზიტი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესებისადმი მხარდაჭერაა", _ განაცხადა ,,იმედის" ეთერში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ელჩებთან რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის შესახებ ისაუბრებენ.
,,პირველ რიგში ეს არის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესებისადმი. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტი ჩიკაგოს სამიტისა და რამდენიმე დღის წინ საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდგომ იმართება, სადაც ცალსახად აღინიშნა და გაკეთდა საქართველოს მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი. პირველი ის არის, რომ თუ ვინმეს იმის ილუზია ჰქონდა, რომ საქართველოში შემოჭრით, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებით, შეძლებდნენ საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. მეორე მნიშვნელოვანი გზავნილი ის არის, რომ უკლებლივ ყველა სფეროში წარმატებულად გატარებული რეფორმები საქართველოს ალიანსთან აახლოებს. საქართველო არის ნიმუში, მოდელი და მაგალითი აღებული ვალდებულებების შესრულების", _ განაცხადა გრიგოლ მგალობლიშვილმა.