დღეს, 13 სექტემბერს, კიევში, სუამ-ის სამდივნოში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 25-ე სხდომა გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განმარტებით, საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი ნიკოლოზ ვაშაკიძე უხელმძღვანელებს.
კალანდაძის განმარტებით, აღნიშნული სხდომის მიზანია ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის, პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქ. ნიუ-იორკში დაგეგმილი სუამ-ის მინისტერიალის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორები განიხილავენ ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმდინარე პროექტების განხორციელებასა და სამომავლო პერსპექტივებს.