თიბისი ბანკის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში ლიტვურმა კომპანიამ, Audrius Ambrasas Architects გაიმარჯვა. სწორედ ამ კომპანიის მიერ შექმნილი პროექტის შესაბამისად განხორციელდება ბანკის ახალი სათავო ოფისის შენობის რეკონსტრუქცია ვაკე-საბურთალოს გზაზე, უნივერსიტეტის ქ. #2-ში.
დაჯილდოვების ცერემონია თიბისი ბანკის მომავალი სათავო ოფისის ეზოში შედგა. აქვე იყო წარმოდგენილი პირველი, მეორე და მესამე ადგილზე გასული პროექტები, რომლებიც სოლიდური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მეორე ადგილის მფლობელი კონკურსში კომპანია Architects of Invention გახდა, ხოლო მესამე ადგილი კომპანიამ Dmark და გიორგი ხმალაძემ გაინაწილეს. ჟიურის თავმჯდომარის, იტალიელი არქიტექტორის, პიპო ჩორას თქმით, კონკურსში წარმოდგენილი ყველა პროექტი იმდენად საინტერესო იყო, რომ ჟიურიმ მესამე ადგილის გაყოფა არჩია. მეორე ადგილის მფლობელს თიბისი ბანკისგან საჩუქრად 30 000 ლარი გადაეცა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები ათ-ათი ათასი ლარით დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, ვაკე-საბურთალოს გზაზე, ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობა თიბისი ბანკმა 6 თვის წინ შეიძინა, რის შემდეგაც გამოაცხადა საერთაშორისო კონკურსი.
ამ მასშტაბის არქიტექტურული კონკურსი საქართველოში ბოლო 15 წლის მანძილზე არ ჩატარებულა. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული კომპანიები გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლანდიიდან, იტალიიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. კონკურსს ხელმძღვანელობდა რომის XXI საუკუნის ხელოვნების ნაციონალური მუზეუმის, MAXXI არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი, ცნობილი იტალიელი არქიტექტორი, პიპო ჩორა (Pippo
რეკონსტრუქციის შემდეგ, თიბისი ბანკის ახალი სათავო ოფისი იქნება ყველაზე დიდი ოფისი ბანკების დღეს არსებულ ოფისებს შორის, ხოლო როგორც ბიზნეს-ცენტრი, ასევე ყველაზე დიდი საქართველოს მასშტაბით. გარდა ამისა, ეს შენობა იქნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ღირსშესანიშნავი არქიტექტურული ნაგებობა, რომელიც დააკმაყოფილებს მსოფლიოში დღეს არსებულ ყველა არქიტექტურულ სტანდარტს.