13-14 სექტემბერს საქართველოს ნატოს ელჩები ეწვევიან. ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან.
ამასთან, ნატოს ელჩები შეხვედრებს გამართავენ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ელჩების ვიზიტი რუსთავის იუსტიციის სახლში. დიპლომატები გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.
შემაჯამებელი შეხვედრა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თორნიკე გორდაძესთან გაიმართება.
"ნატოს ელჩების ვიზიტი, პირველ რიგში, უნდა განვიხილოთ იმ დინამიკაში, რაც ნატო-საქართველოს ურთიერთობებს ახასიათებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს ნატოს ელჩების მეორე ვიზიტია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და საქართველო უფრო და უფრო უახლოვდება ნატოს წევრობას", _ განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროინტერგაციის საკითხებში თორნიკე გორდაძემ საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტის კომენტირებისას.