საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი დუშეთის რაიონს ესტუმრა და მდინარე თეთრ არაგვზე "არაგვი ჰესი" სამშენებლო სამუშაო დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და მომდევნო წლის იანვარში დასრულდება.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგიის სტაბილურად მზარდი მოხმარების ფონზე საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობაზე. მერაბიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზე არის ერთ სულ მოსახლეზე ჰიდრორესურსების მოცულობით, აღნიშნული რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული. სწორედ ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს 17 ჰეს-ის მშენებლობა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. "არაგვი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატია, ხოლო წლიური გამომუშავება 50 მილიონ კილოვატ/საათს შეადგენს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 11 მლნ აშშ დოლარია. ჰეს-ის მშენებლობაზე 122 ადამიანია დასაქმებული.