სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მთავრობას 2010 წლის სამუშაო გეგმა გააცნო.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხათუნა კალმახელიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წელს უმთავრესი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესება იქნება.
"ეს გამოხატული იქნება არა მხოლოდ ინფრაქსტრუქტურის გაუმჯობესებაში, არამედ რესტრუქტურიზაციისა და რესოციალიზაციის, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამების გაუმჯობესების თვალსაზრისითაც", - განაცხადა კალმახელიძემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წელს სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ასევე სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, პრობაციის ზედამხედველობის დახვეწა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა იქნება.
"ჩვენი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება გაუმჯობესდეს და ის სამოქალაქო ჯანდაცვაში არსებულ პირობებს გაუთანაბრდეს. წლის ბოლომდე ყველა დაწესებულებაში იქნება 24-საათიანი სამედიცინო მომსახურება", - განმარტა კალმახელიძემ.