"ბოლო თვეებში მომხდარი სხვადასხვა ნაკლოვანების მიუხედავად, ნათელია, რომ მიმდინარეობს კონკურენტული საარჩევნო კამპანია", - განაცხადა ტომას მელიამ საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად რამდენიმე პრინციპის დაცვაა აუცილებელი.
როგორც მელიამ განაცხადა, საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად აუცილებელია თანაბარი გარემო ყველა პოლიტიკური მოთამაშისთვის, ამასთან აუცილებელია, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე ყველა სუბიექტს თანაბრად მოეთხოვოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ქცევის მაღალი სტანდარტების დაცვა, თავისუფლების ფუდამენტური პრინციპების პატივისცემა, კერძოდ, "მშვიდობიანი პროტესტისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემა დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ნიშანია. ყველა პოლიტიკური პარტიისგან, რომელსაც შევხვდით, მოვისმინეთ, რომ ისინი ახერხებენ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში გადაადგილებას, საარჩევნო შეკრებების მოწყობას და ინფორმაციის ამომრჩევლამდე მიტანას. ამავე დროს, ყველა პარტიამ უარი უნდა თქვას ძალადობაზე და თავიდან აიცილოს პროვოკაციები", - განაცხადა მელიამ და აღნიშა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის ხელმისაწვდომობა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოს 10 სექტემბერს ესტუმრა. ის უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.