რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკაშევიჩის მიერ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის კრიტიკას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თბილისში ყოფნისას ქართულ ოპოზიციას 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგების აღიარებისკენ მოუწოდა "იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მათთვის სასურველი არ აღმოჩნდება".
ლუკაშევიჩის მხრიდან აღნიშნული განცხადების კრიტიკა და საქართველოში სამოქალაქო უფლებების შესახებ წუხილი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ხელისუფლებისთვის სასურველი სცენარის მკაფიოდ და არაორაზროვნად გაცხადება, რომელიც დიამეტრუlად განსხვავდება მოვლენათა განვითარების დასავლეთისა და საქართველოს მეგობრებისთვის სასურველი სცენარისგან.
"ცივილიზებული სამყაროსთვის სასურველია, საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, რომლის შედეგებსაც აღიარებს ყველა პარტია და პოლიტიკურ კონკურენციას აგრძელებს პარლამენტის კედლებში ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. ამ განცხადებით კი, რუსეთი, რომლის პრეზიდენტი ღიად ოცნებობს იმპერიის აღდგენაზე, პირდაპირ გვეუბნება, რომ მისთვის სასურველია არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენება და პოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად ქუჩის ქცევა, რაც შეაფერხებს ამ ქვეყნის განვითარებასა და მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - აღნიშნა კანდელაკმა.
"სამწუხაროა, რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში ჰყავს დასაყრდენი კოალიცია "ქართული ოცნების" სახით, რომლის რიტორიკა ამ, ისევე როგორც სხვა, მნიშვნელოვან საკითხში პირდაპირ ემთხვევა რუსეთის მთავრობის რიტორიკას", - დასძინა მან.