"აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პარტიას", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტომას მელიამ, რომელმაც საქართველოში ვიზიტი შეაფასა და მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. მელიამ იმედი გამოთქვა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდება.
"თბილისში რამდენიმე დღეს ვიყავით და ვაკვირდებოდით წინასაარჩევნო გარემოს. შეხვდით თითქმის ყველა პარტიის ლიდერს და გვჯერა, რომ არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარდება. აშშ მხარს უჭერს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არა რომელიმე პარტიას. ადგილზე გავეცანით, წინასაარჩევნო გარემოს და ვნახეთ, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს იმის საშუალება, იაროს რეგიონებში და ხალხს გააცნოს წინასაარჩევნო პროგრამა", - განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელია საქართველოს 10 სექტემბერს ესტუმრა. ის უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდს შეაფასებს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან.