თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოკ "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" სარჩელი არ დააკმაყოფილა", _ ინფორმაცია ამის შესახებ "ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე ვრცელდება.
"საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილებას, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. ამ დადგენილებით უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში რეგისტრაციისთვის ექმნებათ დამატებითი ბარიერები, რასაც ჩვენ ვასაჩივრებდით, თუმცა ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა სასამართლომ", - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა ზურაბ მარაქველიძემ.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტმბერს "ქართულმა ოცნებამ" ცესკოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრებ ქართველების არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაასაჩივრა. ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭიროა, ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.