დიტო ცინცაძის ახალმა ფილმმა „შემოსევა" მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალის (World Film Festival, 23 აგვისტო - 3 სექტემბერი) ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა. შვიდკაციანმა ჟიურიმ ბრიტანელი მსახიობის, გრეტა სკაკის თავმჯდომარეობით ფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზი ორ მონაწილეს გაუყო - დიტო ცინცაძესთან ერთად პრიზის მფლობელი ესპანელი რეჟისორი, იმანოლ ურიბე გახდა ფილმით „ფორთოხლის თაფლი".
დიტო ცინცაძის „შემოსევა" გერმანულ-ავსტრიული კოპროდუქციაა, მასში მთავარ როლს ცნობილი გერმანელი მსახიობი ბურგჰარტ კლაუსნერი ასრულებს. ფილმში მონაწილეობს აგრეთვე ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე.
დიტო ცინცაძე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. გერმანიაში გადაღებულ მის ფილმებს ქართველი მაყურებელი პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეცნობა.
ტრადიცია არც წელს დაირღვევა - „შემოსევის" ქართული პრემიერა თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.