ხვალ, 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 105 წელი სრულდება. ამასთან დაკავშირებით, საგურამოს ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომით, ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, რომელიც 14:00 საათზე წიწამურზე, ილიას მკვლელობის ადგილზე აღმართულ ობელისკთან, მწერლის სულის მოსახსენებელი პარაკლისით დაიწყება.
მისი დასრულების შემდეგ, 15:00 საათზე, იქ მოწვეული საზოგადოება (მწერლები, პოეტები, საზოგაო მოღვაწეები) საგურამოს სახლ-მუზეუმში გადაინაცვლებენ, სადაც საშუალება ექნებათ კიდევ ერთხელ გაიხსენონ ილია ჭავაჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა.
1907 წლის 30 აგვისტოს, ხუთშაბათს, დილის 10 საათზე, ილია და მისი მეუღლე საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე წიწამურის წყაროსთან მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15-20 წუთის შემდეგ ილიას მოკლავდნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: "ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია". ვაჟა-ფშაველა წერდა: "ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."
ათი დღე, 30 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე, გლოვის ზარი გაისმოდა საქართველოში. ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას - მთაწმინდაზე დაკრძალა. 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა, სახელით წმინდა ილია მართალი.