ბლოკმა "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ შეიტანა.
მისი განცხადებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 9 სექტემბრის დადგენილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ერთი მხრივ, არჩევნებში რეგისტრაციის ვადა 3 დღით გაუგრძელდათ, მეორე მხრივ, კი იგი დამატებით ბარიერებს უქმნის მათ.
"ქართული ოცნების" "ფესბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" ცესკოს ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს და მოითხოვს, რომ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება დამატებითი დაბრკოლების გარეშე მიიღონ არჩევებში მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭიროა, ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.