საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2012 წლის II კვარტალში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი ენერგეტიკის სექტორს უკავია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში სულ 219,4 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, ენერგეტიკაში 74,9 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34%-ია.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშიც აისახა.
მისი განცხადებით, მომავალში ენერგეტიკაში უცხოური ინვესტიციები უფრო გაიზრდება, რადგან სამინისტრომ რამდენიმე მსხვილი პროექტის განხორციელება დაგეგმა, რაც ამ სექტორში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.